რეზო ჩხიკვიშვილი საოცნებო როლის გამო, გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა - "ექვთიმე თაყაიშვილის" გადაღებები დასრულდა

ნიკოლოზ ხომასურიძე მხატვრულ ფილმს "ექვთიმე თაყაიშვილი" ორწელიწად-ნახევარს იღებდა, რომელსაც 25 იანვრიდან მაყურებელი კინოთეატრებში ნახავს, თუმცა მისი წარდგენა ფილარმონიაში გასულ კვირას მოხდა. 

 

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის პარალელურად, პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. 

 

 

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან იცავს და უძლებს მთავარს - ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა ასახული.

 

ექვთიმეს როლს ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს, რომელიც უკვე 24 წელიწადია, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

 

მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდა "ქართული ხმების" კვარტეტი, გამოყენებულია გია ყანჩელის მუსიკა, ჟღერს მეგი გოგიტიძე და სხვები. ორიგინალური მუსიკის ავტორი დათო არჩვაძეა. 

 

 

კინოსურათი ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად განხორციელდა. როგორც ნიკოლოზ ხომასურიძე ამბობს, იმის გამო, რომ ფილმის გადასაღებად თანხები არ არსებობდა, მასზე მუშაობის პროცესი სწორედ ამიტომ გახანგრძლივდა. თუმცა პროექტი საბოლოოდ ქართველი ხალხის კეთილმა ნებამ გადაარჩინა... 2 წელიწად-ნახევრის მანძილზე, ბატონი რეზო გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა. გადამღები ჯგუფი ფილმისთვის 22-ჯერ შეიკრიბა. 

 

ხოლო კითხვაზე თუ რატომ დათანხმდა ცნობილი არტისტი ამ სიტუაციაში როლს, რეზო ჩხიკვიშვილი პასუხობს: 

 

"შემოთავაზებას დავთანხმდი იმიტომ, რომ ასეთი ბუმბერაზი, წმინდანი კაცის როლზე მუშაობის უფლებას მაძლევდა ბედი, უფალი (კონკრეტულად კი, ნიკოლოზს ლაშა ონიანმა შესთავაზა ჩემი თავი) და უარი არ უნდა-მეთქი. მერე სცენას რომ გავეცანი, ექვთიმესთან დიდი მსგავსება აღმოვაჩინე. არა მხოლოდ ის, რომ ერთი სოფლიდან ვართ - ლიხაურში არ დავბადებულვარ, მაგრამ იქაურობა ჩემთვის ბავშვობის საუკეთესო სივრცე გახლდათ. ჩვენი სახლიდან 300 მეტრში იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახლი. 

 

ჩვენ შორის მსგავსება იმაშიც არის, რომ მეც უკვე 24 წელია ემიგრაციაში ვარ. ამას გარდა, კიდევ ის, რომ მეძლეოდა შესაძლებლობა, რაც შეიძლება ხშირად ჩამოვსულიყავი საქართველოში, - ეს ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა იყო. მოგეხსენებათ, მე იქ ძალიან დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობ და ვემსახურები იმ საქმეს, რაც მიყვარს, მაქვს აღიარება, მაგრამ იმას, რასაც სულიერად საქართველოში განვიცდი, ეს იქ ნაკლებად მაქვს. მოკლედ, გავბედეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ამ ფილმით, 2 წელიწად-ნახევრის შემდეგ, ქართველ ხალხს გვინდა, ანგარიში ჩავაბაროთ. შეიძლება მაყურებელი ბევრ რაღაცაში არ დაგვეთანხმოს, - იმაში, რომ ფილმს რაღაც აკლია, ან ქრონომეტრაჟი დიდია, მაგრამ ჩემს როლზე ვიღებ პასუხისმგებლობას, არ შემიძლია არ გითხრათ და მგონი, ხვდებით კიდეც, რომ გულით გავაკეთე, რაც გავაკეთე... 

 

უბედნიერესი ვარ იმ თვეების, წუთების, რაც ამ პიროვნების ცხოვრების განსახიერებისას განვლე, განვიცადე. ვეცადე მისი ცხოვრებით, ემოციებით მეცხოვრა... 

 

ჰო, შეიძლება, კიდევ არ დაგვეთახმოთ რაღაცებშიც, მაგრამ არ შეიძლება არ დაგვეთანხმოთ, რომ ყველანი ბრძოლის ჟინით ვიყავით სავსენი და შიშველი ხელებით ვმუშაობდით. აქ ფინანსურ სიძნელეებს ვგულისხმობ. 

 

და კიდევ, ამ ფილმს ნიკოლოზის გარდა ვერავინ დაამთავრებდა, მას აქვს უნარი, წინააღმდეგობებს გაუძლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფილმს თავად ამ პიროვნების, ექვთიმეს მადლი დაჰყვებოდა. მგონი, ზეციდან დაგვლოცა და გადაგვარჩინა, - გადაულახავი შეგვაძლებინა, რადგანაც უმძიმეს პირობებში გვიწევდა მუშაობა. უდიდესი მასალა დავძლიეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ გადაღებაზე ამინდმაც კი შეგვიწყო ხელი, პარიზშიც ვიყავით და ლევილშიც შევძელით გადაღებები. ყველაფერი ჩვენს მხარეს იყო. მოკლედ, იყო სიყვარული და როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს - სიყვარული დედამიწას ატრიალებს. ვიყავით გუნდი, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, სხვანაირად ფინალში ვერ გავიდოდით.

 

 

ნკოლოზ ხომასურიძე: - ჩვენ ვართ ექვთიმეს ლაშქარი! ლაშქრობა მყინვარწვერზე ასვლით დავიწყეთ, სადაც საოცარი ამბები მოხდა, რამაც მხოლოდ დადებითად დაგვმუხტა... ამის მერე მინდოდა, პროექტისთვის რაიმე სიმბოლოს გაკეთება, რაც ჩვენი წინამძღოლი გახდებოდა, "ექვთიმეს ლაშქარს" ფილმის დასასრულამდე გვატარებდა და დროშა შევქმენით. მასზე დატანილია ექვთიმეს სიტყვა 1936 წელს პარიზში ქართველი ემიგრაცის წინაშე წარმოთქმული. დატანილია ასევე ცნობა მყინვარწვერზე ასვლის შესახებ... მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ მხარი არ დაგვიჭირა, შეიძლება მადლობაც კი უთხრათ ამისთვის... მაგრამ მადლობა ღმერთს მხარდამჭერები გვყავდა და მათი დახმარებით მოვედით აქამდე. 

 

ლაშა ონიანი, პროდიუსერი, ერთ-ერთი როლის შემსრულებელი:- ფილმისთვის მთავარი სირთულე ის იყო, რომ ნაწილ-ნაწილ ვიღებდით, ასეთ დროს ხარვეზები ცხადია, ფილმში მეტად იგრძნობა. სად ერთი ამოსუნთქვით გადაღება და სად ამხელა დროში გაწელილი პროექტი. ამიტომაც არის, რომ ის ცალ-ცალკე ისტორიებისგან შედგება. 

 

რეზო ჩხიკვიშვილი:- აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ დიდი მადლი მივიღე ამ პროვნების როლის შესრულებით - სხვა ადამიანი გავხდი ფიქრებით, აზრებით და სიარულითაც კი. ის კი არა, პირველივე გრიმის გაკეთებისას, კოსტიუმის მორგებისას, მის პიროვნებას ჩემს თავს როგორ შევადრი, მაგრამ ვიგრძენი, რომ დავემსგავსე, ესეც რომ არ იყოს, იმაში მაინც ვგავარ, რომ მეც მებრძოლი ვარ, ვერ ვიტან უპირობო ადამიანს. დღეს ქართველებს მტკიცე ხასიათი, ასეთივე ნება, საქმის მიმართ მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება აკლია... სამშობლო ყველას გვიყვარს, მაგრამ დამიჯერეთ, მე თქენზე მეტად და ასეა ყველა ემიგრანტი... 24 წელია, საქართველოსგან სხვაგან ვცხოვრობ და აქაური ყველაფერი მაკლია. ამიტომ ეს ფილმი ჩემთვის შვება იყო! 

 

 

ლაშა:- მეც 26 წლის წასული ვარ საქართველოდან გერმანიაში და ფილმის კადრები ჩემზე მოქმედებს. ფილმში პატარა ეპიზოდს მეც ვთამაშობ, მაგრამ თითოეული მონაწილისთვის თბილი მომენტია. რომ წარმოვიდგენ ჩემს თავს ექვთიმეს მდგომარეობაში, რა ემოციები და განცდები ჰქონდა, ვერ ვუძლებ.

 

ნიკოლოზი:- ექვთიმე ჩემთვის არის დიდი მეომარი, რომელიც საქართველოს ჰყოლია, 24 წლის მანძილზე უნაკლოდ დაიცვა ეროვნული განძი, შემოიტანა საქართველოში და მთელი მსოფლიო აიძულა, რომ ეს ფაქტი მომხდარიყო. უძლიერესი სულის პატრონია, უდიდესი ნებისყოფის ქართველი. ფილმში მოთხრობილი ისტორია გამარჯვებულის პოზიციით სრულდება... გვინდა, ფილმი ყველა ქართველის გულამდე მივიდეს. საკმაოდ დიდი მასალა გვაქვს და სერიალსაც ვგეგმავთ.… ფილმი მაისიდან მოგზაურობას საერთაშორისო ფესტივალებზეც დაიწყებს.

 

ლალი ფაცია

მსგავსი ღონისძიებები
კინოფესტივალის სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".
კინო
ფილმის ნახვა დღეიდან საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია
კინო
ფილმების ყურებისთვის საუკეთესო დრო, ალბათ, მაინც ზამთარია,
კინო
პატარა ვამპირი უკვე კინოთეატრებში
კინო
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.