კრის ნორმანის ჩაშლილი კონცერტი - როგორ აუნაზღაურეს ფანებს ბილეთის საფასური

10 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, ლეგენდარული კრის ნორმანის და მისი ბენდის კონცერტი უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, კონცერტი ჩაიშალა, თუმცა, იმედგაცრუებულ მსმენელს იმაში მაინც გაუმართლა, რომ ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა - ნორმანის ჩაშლილი კონცერტის ბილეთები სრულად ანაზღაურებულია. 

 

ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის კრის ნორმანის და მისი ბენდის კონცერტი თბილისში პირველად უნდა გამართულიყო. 67 წლის მუსიკოსი 7 წლის ასაკიდან უკრავს, თუმცა მის მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯები 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა ალან სილსონი და ტერი ატლი გაიცნო - ლეგენდარული როკ-ჯგუფის Smokie-ს მომავალი წევრები. 1974-1980 წლებში Smokie-მ მსოფლიოში არნახული პოპულარობა მოიპოვა. 80-იანი წლების დასაწყისში ნორმანმა Smokie დატოვა, ის მოგვიანებით როკ-ჯგუფში Bradford მოღვაწეობდა. 

 

თუმცა, ქართველ მსმენელს კრის ნორმანი ყველაზე კარგად სუზი კვატროსთან ერთად შესრულებული დუეტით - Stumblin’ In ახსოვს. ეს ჰიტი წყვილმა 1978 წელს შეასრულა და სინგლის მილიონობით ასლი გაიყიდა მსოფლიოში. ნორმანს რამდენიმე ათეული სოლო ალბომი აქვს გამოცემული. მის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად მიიჩნევა Midnight Lady, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და გერმანიაში ჩარტების პირველი ადგილი 6 კვირის განმავლობაში ეკავა. გერმანიაშივე მისი 900 000 ასლი გაიყიდა, რომ არ ჩავთვალოთ სხვა ქვეყნებში გაყიდვები. 

 

მიუხედავად არნახული მუსიკალურ კარიერისა და მსოფლიო აღიარებისა, კითხვაზე "თქვენი ყველაზე ბედნიერი დღე ცხოვრებაში", კრის ნორმანი პასუხობს: "როდესაც ლინდაზე დავქორწინდი"… ლინდა ნორმანი - მისი შეუცვლელი მეუღლეა, რომელზეც 47 წლის წინ იქორწინა და რომელმაც მუსიკოსს ხუთი შვილი აჩუქა…

 

კრის ნორმანს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. 51 წლის ლია აბრამიშვილი, წლებია ბრიტანელი მომღერლის ერთგული მსმენელია. მისი სიყვარულისა და ოჯახის ისტორია კრის ნორმანის კარიერის პარალელურად ვითარდებოდა. 

 

"ჩვენს ახალგაზრდობაში მუსიკა ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღეს, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ვაგროვებდით ფირფიტებს, რომლებიც საკმაოდ რთული მოსაპოვებელი იყო. მე კრის ნორმანი და მისი მუსიკა განსაკუთრებით მიყვარდა. ვცდილობდი, მომღერლის ყველა ვინილი მქონოდა. ამაში კი ჩემი მომავალი მეუღლე მეხმარებოდა. მაშინ ჩვენი სიყვარულის ისტორია იწყებოდა და ჩემი გულის მოგებას Smokie-ის და კრის ნორმანის ფირფიტებით ცდილობდა. ნორმანის კონცერტზე დასწრება ოცნებად მქონდა ქცეული! მაშინ ეს რა თქმა უნდა, ვერ შევძელით...

 

ახლა 2 შვილი გვყავს და თბილისში დაგეგმილ კონცერტზე წასვლას ოთხივე ვაპირებდით. ბილეთებიც პირველივე დღეს შევიძინე, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. სამწუხაროდ, კონცერტი ჩაიშალა... იმედი მაქვს, რომ როდესმე შვილებთან ერთად დავესწრებით ნორმანის კონცერტს," - ამბობს ლია, რომელმაც ბილეთების ანაზღაურება კი მოახერხა, მაგრამ კონცერტის ჩაშლით იმედგაცრუებულია.

 

კონცერტების ჩაშლის შემთხვევები, საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ხშირია და ასეთ დროს, როგორც წესი, ბილეთებში გადახდილი საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია იღებს საკუთარ თავზე. თუმცა, საქართველოში კრის ნორმანის კონცერტის ჩაშლის შემდეგ, მსმენელსა და კონცერტის ორგანიზატორს შორის შუამავლობა tkt.ge-მ აიღო საკუთარ თავზე და აღნიშნული საიტის მეშვეობით გაყიდული ბილეთების ღირებულება თავად დააბრუნებინა ორგანიზატორს. მიღებული თანხა კი თითოეულ მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე გადაუნაწილა.

 

ასევე განვითარდა მოვლენები 2017 წლის შემოდგომაზე ელტონ ჯონის კონცერტის გადადებისა და 2016 წელს ჯაზ ფესტივალზე კრის ბრაუნის კონცერტის ჩაშლის შემთხვევაშიც.

 

დეტალურად გასარკვევად, თუ როგორ ხდება ჩაშლილი კონცერტების ბილეთების ანაზღაურება tkt.ge-ს მივმართეთ. როგორც კომპანიის ორგანიზატორებთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მორგოშია განმარტავს, ბილეთების გამყიდველი, ამ შემთხვევაში tkt.ge მხოლოდ შუამავალია მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის და კონცერტის ჩატარებასა თუ ჩაშლაზე ის ვერ აგებს პასუხს.

 

"მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ჩვენი საიტი უზრუნველყოფს ბილეთების გაყიდვას და შემდეგ რეალიზებული თანხის ორგანიზატორისთვის გადაცემას. როდესაც საქმე თანხის უკან დაბრუნებას ეხება, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, თუ ეს თანხა თავად ორგანიზატორმა ჯერ ჩვენ არ დაგვიბრუნა. ზოგადად, როდესაც ორგანიზატორი მოდის ჩვენთან, მას ვამოწმებთ და ამის შემდეგ ვიწყებთ თანამშრომლობას. თუმცა, კონცერტის ჩაშლისგან 100%-ით ვერავინ დაიზღვევს თავს. 

 

მაგალითად, ელტონ ჯონის კონცერტი, მისი გიტარისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩაიშალა. არის ხოლმე ფორსმაჟორული სიტუაციებიც. ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი ორგანიზატორია. თუმცა, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ხოლმე, რომ მომხმარებელს თანხის დაბრუნება გავუმარტივოთ. ორგანიზატორს ვთხოვთ, რომ ჩვენ მოგვცეს დასაბრუნებელი თანხა და მომხმარებლებს ჩვენ ვურიცხავთ ანგარიშზე. თუმცა, ამ ფაქტმა გაუგებრობა არ უნდა გამოიწვიოს. საბოლოოდ, თანხის დაბრუნება ორგანიზატორის ვალდებულებაა და თუ მათ არ ჩაგვირიცხეს, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს თანხა, რომ დავაბრუნოთ. tkt.ge ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ მომხმარებელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს," - განმარტავს მარიამ მორგოშია.

 

"თანხის დაბრუნებაში ჩართულობა ჩვენი მოთხოვნაა ორგანიზატორის მიმართ. აღნიშნულით ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლების ინტერესები დავიცვათ. თუმცა, ორგანიზატორის გარეშე არაფერი შეგვიძლია, რადგან ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა ჩვენს ანგარიშზე არ ჩერდება. ორგანიზატორი მას პერიოდულად იღებს, რადგან კონცერტის ჩატარებამდე მასაც უამრავი ხარჯი აქვს და ეს თანხა რეალურად მათი საკუთრებაა. იურიდიული უფლება არ გვაქვს, რომ კონცერტის ჩატარებამდე ბილეთებიდან შემოსული თანხა ჩვენს ანგარიშზე გავაჩეროთ," - დაამატა მან.

 

შეგახსენებთ, რომ კრის ნორმანის კონცერტი 10 დეკემბერს სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო. ამჟამად ყველა ბილეთი ანაზღაურებულია და თანხები ჩარიცხულია.

 

ნანა მღებრიშვილი

მსგავსი ღონისძიებები
საქართველოს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მულტი-ინსტრუმენტალისტი ქამილ ჩალაევი ესტუმრება
კონცერტი
საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 24 დეკემბრიდან  7იანვრის ჩათვლით დილის 10 საათიდან  ღამის 12 საათამდე,  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს.
კონცერტი
პროექტში 120 ზე მეტი მოცეკვავე არის გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
კონცერტი
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები